Archive

Posts Tagged ‘new year’

ახალი წელი, როგორც ასეთი….

იანვარი 3, 2009 4 comments

თქმისაც კი მეშინია, მაგრამ მემგონი ეს მართლა ის შემთხვევაა, როცა ახალი წელი არ მაღიზიანებს 🙂

როგორც წესი, ყველას უყვარს ახალი წელი და ითვლება რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული დღესასწაულია საერთაშორისო მასშტაბით… მე კი ასე არ ვფიქრობდი არასოდეს…

ყოველთვის მინდოდა შევხვედროდი ახალ წელს სადმე სახლიდან გარეთ, მეგობრებში, ან სულაც ძალიან ბევრ უცხო ხალხში, მაგრამ ჩემი ოჯახი საერთოდ  სხვა შეხედულებისაა ამ საკითხზე და მიხდებოდა 12 საათზე იძულებითი ღიმილი დამეყენებინა სახეზე, არც მერე მქონდა დიდი შანსი გარეთ გასვლის, იმიტომ რომ ასე გვიან გარეთ სულ მთვრალები დადიან, სად უნდა წახვიდე, ნეტა რა გინდა იმათთან, არ გირჩევნია შენთვის წყნარად დედასთან და მამასთან ერთად იყო? თითქოს საახალწლო გართობა სადმე მეგობრების წრეში მშობლების და ოჯახის არ სიყვარულს და არ პატივისცემას ნიშნავს 🙂 მაგრამ პატივს ვცემდი ყოველთვის დედასა ჩემსა და მამასა ჩემსა და  მთქნარებით ვხვდებოდი ახალ წელს 🙂

რაც შეეხება ჩემს პირად აზრებს და ფიქრებს… გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ და სულ მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში მოხდეს სასწაული… კინოებიდან ჩამენერგა წლების განმავლობაში რომ ეს სასწაული ახალი წლის ღამეს ხდება… თან ყოველთვის ჩემი რომანების კრიზისი ზამთარში იყო და ამ მხრივაც თავს ყოველთვის დათრგუნულად ვგრძნობდი… გვერდით არასოდეს  იყო ”ის ერთი” ადამიანი, ვინც მინდოდა… +1 მიზეზი ახალი წლის არ სიყვარულისათვის…

ასევე ვერასოდეს ვიგებდი, ვინ მოიგონა რომ საახალწლოდ თავმოყვარე ქართულ ოჯახში აუცილებლად 3-4 სართულიანი სუფრა უნდა გაიშალოს და ამისათვის წინა რამოდენიმე დღე საჭიროა ისტერიულად ათენებდე და აღამებდე სამზარეულოში… როცა ზუსტად ახალი წელი რომ შემოდის და ბავშვებს და კაცებს უხარიათ, ქალი გულში ფიქრობს  ეხლა ჩამაწვინა ჩემს თბილ და რბილ ლოგინში და დამაძინაო…

ამ წელს მარტო ვცხოვრობ… აქედან გამომდინარე ახალი წლის წინა დღეებში არ მომისმენია დედაჩემისგან  ადექი, ვიღას ძინავს ამ დროს, მილიონი საქმეა მოსასწრები…

31-ში მივიხედ-მოვიხედე… ოთახი მოვრთე საახალწლო წვიმებით, ფარდებზე რამოდენიმე წითელი ბაფთა დავამაგრე, მაღაზიიდან შემოვიტანე ხილი, ტკბილეულობა და 1 ბოთლი შამპანიური და ასე შეიქმნა ჩემს სახლში საახალწლო განწყობა…

საღამოს ტრადიციულად ვბანაობდი ხოლმე, ამ წელს შევჯექი ვირზე და რაკი ჩემებური ახალი წელი მინდოდა, ავდექი და ”დაუბანელი” შევხვდი ახალ წელს…

იმდენად დამაკმაყოფილა ამ რამოდენიმე ფაქტორმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 31-ში შემეძლო მქონოდა როგორც მხიარული ასევე რომანტიული საღამო, მე ავდექი და წავედი მშობლებთან და ძმასთან და კმაყოფილი შევხვდი 12 საათს ამ საყვარელ ადამიანებთან ერთად 🙂

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც დამეხმარა იმაში რომ მსიამოვნებდეს ეს ახალი წელი… შინაგანად აღარ ვარ დათრგუნული იმის გამო , რომ არსებობს ადამიანი, ვისი გვერდით ყოფნაც მენდომებოდა… ამ წელს ვარ თავისუფალი გულით და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამის გამო… მით უმეტეს იმის ფონზე, რომ გარშემო ჩემს სამეგობროში ყველას ამ პერიოდში დაეწყო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში კრიზისი… და მივხვდი, რომ ეხლა ეს თავისუფალი მდგომარეობა ზუსტად ისაა, რაც მინდა.

ასევე გადავწყვიტე 5-ში გავიდე პლეხანოვზე და ჩემს საქმიანობას მივხედო… სახლში ჯდომის ეპოქასაც ვასრულებ…მაისიდან დღემდე საკმარისი პერიოდი აღმოჩნდა იმისათვის რომ დამესვენა… თუმცა ჯერ მაინც მაქვს გულში ადამიანებთან ურთიერთობის შიში…

არ ვიცი როგორ და რა იქნება, მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობ ამ ყველაფრის გამო…

კეთილი იყოს ეს ახალი წელი . . .

P.s. ოდესმე მაინც შევხვდები ახალ წელს  სადმე ოკეანის პირას, სადაც თბილა…  ყელზე გირლანდებით, თმებში ყვავილით, ხელში კი მოჰიტოთი სავსე ჭიქით შევხვდები ახალ წელს და ამ დროს უბრალოდ კომფორტულად კი არა, ბედნიერად ვიგრძნობ თავს…

120407-christmastree