Archive

Archive for ივლისი, 2010

ტრაგედიით დასრულებული მოგზაურობა ხევსურეთში (მივდიოდი სამოთხეში, მოვხვდი ჯოჯოხეთში)

ივლისი 26, 2010 9 comments

რამოდენიმე დღეა თავს ვიკავებ წერისგან, თუმცა ჩემი გონება ვერ გათავისუფლდა იმისგან რაც ვნახე და გადავიტანე მუცოში.

პირველად 3 წლის წინ ვიყავი ათენგენობაზე ჩასული მშობლიურ მხარეში და იქიდან ჩამოვედი საოცრად ამაყი და შეყვარებული ამ ადგილებზე. იქ სადაც არ არის ელექტროენერგია, არ იჭერს მობილური, არც ინტერნეტი და არც ტელევიზორი  გაქვს,საათი და დღეც გავიწყდება რომელია… საქმე იმაშია, რომ არც გჭირდება და არც გაღელვებს ეს ყველაფერი. ხარ ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 მეტრის სიმაღლეზე და ტკბები ბუნების საოცრებით. იქიდან ისეთი ლამაზი მოგონებებით წამოვედი,რომ წელს სანამ ჩავიდოდი დღეებსა და საათებს ვითვლიდი, ვფიქრობდი ქალაქის სტრესისგან დავისვენებ და დავტკბები ჩემი ლამაზი ხევსურეთით თქო. თან წელს რამაზი პირველად მოდიოდა ხევსურეთში და მინდოდა ამაყად მეჩვენებინა საიდან ვარ და რა ლამაზია ჩემი მშობლიური მხარე.
ეს დღეც დადგა, კარვებით და “სპალნიკებით” ჩავბარგდით და წავედით. პირველი ღამე შატილში დავბანაკდით,მეორე დღეს უწმინდესი მობრძანდებოდა და ეკლესიის საძირკველი უნდა ეკურთხებინა. ისეთი სასიამოვნო ენერგიით დავიმუხტეთ, მთელი სამყარო გვიყვარდა და გვიხაროდა ცხოვრება, ვფიქრობდით სამოთხეა ეს ყველაფერი….
მერე კი გათენდა ათენგენობის დღე… ხალხი ხატში წავიდა ზოგი საკლავის დასაკლავად, ზოგი ბავშვებს აბარებდა ხატს, ყველა ამაღლებულ განწყობაზე იყო. ვუყურებდი მანქანებით როგორ მიდიოდნენ,მე და რამაზი, თიკო, მაიკო და გუგა დავრჩით სხვადასხვა მიზეზების გამო და კარვებთან ველოდებოდით როდის დაბრუნდებოდა ხალხი სალოცავიდან,რომ შემდეგ ყველას ერთად გვემხიარულა…რამოდენიმე საათის შემდეგ კი მოხდა ის რაც ყველამ იცის და რაზეც აღარ მინდა საუბარი : ( ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში. გაუგონარი საცოდაობა ხალხის, უმწეობის გაუსაძლისი შეგრძნება. როცა ვერ იაზრებ მომხდარს, იმდენად სასტიკია რეალობა. როცა ყურები გიწუის და გული ჩერდება უსამართლობის საშინელი შეგრძნებიდან და მხოლოდ ერთი კითხვა გღრღნის – რატომ???
არ ვიცი,  არ მესმის, პასუხს ვერ ვპოულობ, რატომ ასეთი სისასტიკე და სიმწარე….

მტკივა, თვალებიდან არ ამომდის როგორ მოქონდა თეონა და მისი პატარა წყალს… :(((

Advertisements
კატეგორიები:დღიური